ტექნოლოგიური რევოლუციები
- მეცნიერებატექნოლოგიები
- იანვარი 30, 2023
- 638
რამაზ აბესაძე, პროფესორი
ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი არის ტექნოლოგიები.
ტექნოლოგიების სრულყოფა უზარმაზარ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე,
განსაკუთრებით ტექნოლოგიური რევოლუციები. ტექნოლოგიური რევოლუციის
დროს ხდება ძირეული ცვლილებები საზოგადოებრივი წარომოების პროცესში. ამ
დროს არენაზე გამოდის წარმოების სრულიად ახალი საშუალებები, რომლებიც
იწვევენ ეკონომიკური სისტემის ელემენტთა ყველაზე პროგრესულ შეხამებას და
განაპირობებენ ადამიანთა კეთილდღეობისა და კომფორტის არნახულ ზრდას.
მსოფლიომ უკვე გაიარა არაერთი ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც
გაგრძელდება მომავალშიც.
ეკონომიკურ ლიტერატურაში განსაკუთრებით გამოიყოფა „ინდუსტრიული
რევოლუცია“ და მისი რამდენიმე ეტაპი. მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციაც
ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთ ეტაპად არის მიჩნეული. ჩვენი აზრით,
ინდუსტრიული რევოლუცია არის ტექნოლოგიური რევულუციების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი სახე, რომელიც იცვლება თვისებრივად განსხვავებული სხვა
ტექნოლოგიური რევოლუციით. ამდენად, ლოგიკურია, ნახტომისებური ცვლილება
ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში გამოვხატოთ ტერმინით „ტექნოლოგიური
რევოლუცია“ და არა პირველი, მეორე და ა. შ. „ინდუსტრიული რევოლუციით“.
ინდუსტრიულ რევოლუციას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ასეთი
ლოგიკით გვაქვს შემდეგი ტექნოლოგიური რევოლუციები:
პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია – “ნეოლითური რევოლუცია”
თავდაპირველად ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფურად და იყენებდნენ ქვის,
ძვლის, ტყავის, ხისა და სხვა მცენარეული წარმოშობის მასალებისაგან
დამზადებულ მეტად პრიმიტიულ იარაღებს. დაკავებულნი იყვნენ მომთაბარე
ცხოვრებით, მონადირეობითა და მცენარეული საკვების შეგროვებით.
ქვის ხანის ბოლო პერიოდი, ნეოლითი · , კი ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი
ტექნიკით, ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება, ხეხვა, მისთვის
სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა, რამაც უბიძგა უმნიშვნელოვანეს
მოვლენას –“ნეოლითურ რევოლუციას” · , რომელიც არის ერთ-ერთი გარდამტეხი
პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი მომთაბარე ცხოვრებას
ბინადარი ცხოვრებით, ხოლო მეთევზეობას, მონადირეობასა და შემგროვებლობას
წარმოებით (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა) ანაცვლებს. ეს პროცესი საკმაოდ
ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავს. დაიწყო: ცხოველების მოშინაურება;
ტანსაცმლისა და ცხოველთა ტყავის ათვისება; სამშენებლო ტექნიკის სრულყოფა
მიწურებისა და ქოხების ასაშენებლად; მარხილების გამოყენბა ტვირთის
გადასატანად, რომლის დროსაც გამწევ ძალად გამოიყენება ცხოველები; ანკესების,
ჰარპუნებისა და ბადეების გამოყენება თევზსაჭერად; სამეთუნეო საქმე; განათების
ტექნიკის ათვისება, კვარიდან და ჩირაღდნებიდან პრიმიტიულ ზეთის
სანთურებზე გადასვლა; სამკაულების, მხატვრობისა და კულტის პირველი
ნიმუშების შექმნა; მიწისქვეშა ნედლეულის, პირველ რიგში კაჟის, იასპის, ფიქალის,
მოგვიანებით კი – კირქვის მოპოვება, შტოლნებისა და შახტების გაყვანა. წარმოიშვა
სამთო საქმე. იარაღებად გამოიყენებოდა: წერაქვი, ქარჩი, ჩაქუჩები, ნიჩაბი, ფოცხი,
ხის მარგილები, რატუშების ტექნიკა ნამდვილ ხელოვნებამდე იქნა აყვანილი;
გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოიყენებოდა: ნამგალი, ხელკეტები,
როდინი; დაიხვეწა ქვის დამუშავების ტექნიკა, მისი ხეხვის, ბურღვისა და
გახერხვის მეშვეობით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვის უფრო მაგარი ქანების –
ბაზალტის, ნეფრიტისა და ჟადიეტისაგან იარაღების ნაჯახების, თოხების,
როდინების, ქარჩების დამზადება. ასევე გაუმჯობესდა ხის დამუშავების ტექნიკა,
უკვე ხდებოდა ხის პოლირება.
ნეოლითის ეპოქაში ადამიანთა ძირითადი საქმიანობაა მონადირეობა და
მიწათმოქმედება. ხდება ცხოველთა მოშინაურება (ცხვრების, თხების, ღორების,
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, შემდეგ ცხენისა და აქლემის). მოშინაურებული
ცხოველები გარდა ხორცისა და ტყავისა (რაც მონადირეობითაც მოიპოვებოდა)
იძლეოდნენ რძესა და მატყლს. შინაური ცხოველები გამოიყენაბოდნენ ტვირთის
გადასატანად და გამწევ ძალად. მესაქონლეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. დაიწყო
მონათმფლობელობის ჩამოყალიბება.
„ნეოლითური რევოლუცია“ იყო „პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია“ (მას
შეიძლება ასევე ვუწოდოთ „აგრარული რევოლუცია“) კაცობრიობის ისტორიაში, რის
შედეგადაც ჩამოყალიბდა „აგრარული ეკონომიკა“ და „აგრარული
საზოგადოება“, რომლის დროსაც მატერიალური დოვლათის შექმნაში უდუდეს
როლს თამაშობს სოფლის ეკონომიკა (უმთავრესად სოფლის მეურნეობა, ასევე
მონადირეობა, მეთევზეობა და მეტყევეობა).
მეორე ტექნოლოგიური რევოლუცია – “ინდუსტრიული ანუ სამრეწველო რევოლუცია”
ყველა რევოლუცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების
ათვისებასთან. ახალი ტექნოლოგიების ათვისება კი თავისთავად დამოკიდებულია
მეცნიერულ აღმოჩენებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია XVII საუკუნე. XVII. კერძოდ,
შეიქმნა: კლასიკური მექანიკა; ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები; მოძრაობის
რაოდენობის შენახვის კანონი; ჰიდრავლიკისა და ჰიდრომეტრიის, ასევე
ატმოსფერული წნევის თეორია; ფიზიკური ქანქარის რხევის კანონები; სინათლის
ტალღური თეორია; შეწავლილ იქნა: სხეულის ვარდენა, მისი მოძრაობა დახრილ
სიბრტყეზე; ქანქარის სიმის რხევები; გაზომილ იქნა ბგერის სიჩქარე ჰაერში;
შემოღებულ იქნა კოორდინატთა სისტემა; განვითარდა სხეულთა ატომური
აგებულების შეხედულება და ატომთა შეერთებით მიღებულ მასას მოლეკულა
ეწოდა; გამოგონებულ იქნა ვერცხლისწყლის ბარომეტრი; ჩამოყალიბდა კლასიკური
ფიზიკა. აღმოჩენილ იქნა მსოფლიო მიზიდულობის, ნიუტონისა და ბოილ-მარიოტის
კანონები; შემოტანილ იქნა ისეთი ცნებები, როგორიცაა: მასა, სიმკვრივე, მოძრაობის
რაოდენობა, ძალა, უჯრედი; გამოვლენილ იქნა სინათლის დისპერსია, ქრომატული
აბერაცია, დიფრაქცია და ინტერფერენცია; შეიქმნა სინათლის კორპუსკუოლარული
და ტალღური თეორია და სხვ.; გაჩნდა მიკროსკოპი და ტელესკოპი; საფუძველი
ჩაეყარა მაგნიტიზმსა და ელექტრობას; გამოგონებულ იქნა ქაღალდი,
ცეცხლსასროლი იარაღი, დენთი, კომპასი და გემები, რომელთაც შეეძლოთ
გადაეცურათ მთელი ოკეანე; დაიწყო წიგნის ბეჭდვა (XV); გაიზარდა კავშირი და
ურთიერთგავლენა საზოგადოებას, ცოდნასა და ტექნიკას შორის. დაარსდა
სამეცნიერო ჟურნალები, აკადემიები, საზოგადოებები (მაგ. ლონდონის სამეფო
საზოგადოება (1662), პარიზის მეცნიერებათა აკადემია (1666)).
მეცნიერული აღმოჩენების კვალობაზე თანდათან მნიშვნელოვანი ძვრები
მოხდა ტექნიკასა და წარმოებაში. ინგლისში მრეწველობის
განვითარება ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო.
თავდაპირველად ინდოეთიდან შემოსული მოდური ბამბის ქსოვილებზე
მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების
საჭიროება. მონური შრომის შედეგად მიღებული იაფი ნედლეული ამერიკული
კოლონიების ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა. ამ მოზღვავებული
ნედლეულის გადამუშავება, თავის მხრივ, საწარმოო პროცესის მექანიზაციას
მოითხოვდა. მექანიზაცია მანუფაქტურებში დაიწყო 1733 წელს, როდესაც ჯონ კეიმ
შექმნა „მფრინავი მაქო“, რამაც შესაძლებელი გახადა ჩარხზე ემუშავა ერთ მუშას
ნაცვლად ორისა. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის
სართავი მექანიზმი გამოიგონა, შემდგომში მთელ მსოფლიოში
სახელგანთქმული სართავი "ჯენი", რამაც მწარმოებლურობა 20-ჯერ გაზარდა. ამას
მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების
დასაწყისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი
საფეიქრო ფაბრიკები. მანუფაქტურული (ხელით) წარმოება მექანიზებული
საფაბრიკო წარმოებით იცვლება. მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ
დროისთვის მთავარ ენერგომატარებელზე — ქვანახშირზე და შესაბამისად, ბიძგი
მისცა სამთამადნო მრეწველობის განვითარებას. ინდუსტრიული პროდუქციის
(საფეიქრო, სამთამადნო) ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა მისი
ტრანსპორტირების საკითხი. .
ინდუსტრიულ რევოლუციას წინ უსწრებდა ასევე ინდუსტრიული რევოლუციის
წინამორბედი ე.წ. „აგრარული გადატრიალება“·, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ
წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი,
ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა
და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII
საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე. წ.
„შემოღობვებმა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ),
რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით
იყო დამტკიცებული (ინგლისში), გლეხების გაღატაკება გამოიწვია. უმიწაწყლოდ და
შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული
გახდა მრეწველობაში დასაქმებულიყო·.
ითვლება, რომ „ინდუსტრიული რევოლუცია“ იწყება XVIII ,საუკუნის შუა წლებიდან.
მაგრამ, ფაქტიურად ინდუსტრიული რევოლუცია იწყება ცოტა მოგვიანებით.
მანუფაქტურული პერიოდი კი იყო წყლისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე
მექანიზაციის პერიოდი. ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო ენერგიის
ახალი სახეობის გამოყენება, რის საშუალებასაც იძლეოდა მიღწევები მეცნიერებასა
და ტექნიკაში. დაიწყო ორთქლის მანქანათა გამოგონების მთელი სერია.
განვითარდა მეტალურგია, ამას ხელი შეუწყო ბრძმედებში ხის ნაშირის შეცვლამ
ქვანახშირის კოქსით ფოლადის მისაღებად (1709). ორთქლის მანქანა შეიქმნა 1782
წელს, რომლის სრულყოფა მოხდა 1788 წელს ჯეიმს უატის მიერ, რომელსაც ჰქონდა
5-ჯერ მეტი სიმძლავრე და იყო ბევრად მოხერხებული და სტაბილური, ვიდრე მისი
წინამორბედები. ის წარმატებით გამოიყენებოდა მრეწველობის სხვადასხვა დარგში
და შემდეგ კი ტრანსპორტში. ორთქლმავლებისა და ორთქლის გემების
გამოგონებამ დააჩქარა ვაჭრობა, აამაღლა ეკონომიკის ეფექტიანობა. ყოველივე ეს
მაუწყებელი იყო „ინდუსტრიული“ ანუ „სამრეწველო“ რევოლუციის.
დაიწყო ორთქლზე დაფუძნებული მექანიზაცია – ხელით შრომიდან გადასვლა
მანქანურზე, მანუფაქტურული წარმოებიდან – ფაბრიკულზე, აგრარული
ეკონომიკიდან – ინდუსტრიულ ეკონომიკაზე. დაიწყო ინდუსტრიული
საზოგადოების ჩამოყალიბება.
შედეგად რევოლუციური გარდაქმნები იწყება არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ
ეკონომიკის ყველა დარგში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
არნახული ტემპებით იზრდება ხალხის კეთილდღეობის დონე და კომფორტი,
უმჯობესდება შრომის პირობები.
ლიტერატურაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს იმისთან დაკავშირებით თუ
რამ განაპირობა ინდუსტრიული რევოლუცია და ამასთან ინგლისში და არა
მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. მაგალითად, არსებული შეხედულებების მიხედვით
ინდუსტრიული რევოლუციის წანამძღვრები ინგლისში იყო: იაფი ქვანახშირის
დიდი მარაგების არსებობა; მონებით ვაჭრობა; ტექნოლოგიური ცვლილებები;
ინსტიტუციური ძვრები; 16 000 სოფლის ინდუსტრიული მიღწებები; ბაზრების
განვითარება და ამით გამოწვეული, შრომის დანაწილება; ინოვაციები და
ინსტიტუციური ცვლილებები.
ასევე მიიჩნევა, რომ ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუცია იყო რეაქცია
იმაზე, რომ XVII და XVIII საუკუნეებში, დანარჩენ ევროპასა და აზიასთან შედარებით,
ხელფასები იყო მაღალი მაღალი, ხოლო, ხოლო კაპიტალი და ენერგია იაფი. რომ
ინდუსტრიული რევოლუციის გამომწვევი ტექნოლოგიები – ორთქლის ძრავა, ბამბის
სართავი ფაბრიკა და მეტალურგიაში ხის საწვავის შეცვლა კოქსით, დიდ
ბრიტანეთში იყო მომგებიანი და მის გარეთ კი წამგებიანი. მხოლოდ მაშინ, როდესაც
XIX საუკუნში ბრიტანელმა ინჟინრებმა ეს ახალი ტექნოლოგიები უფრო
ეკონომიური გახადეს, სამრეწველო რევოლუცია გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
ჩვენი აზრით, აქ მოტანილმა ყველა ფაქტორმა შეუწყო ხელი დიდ
ბრიტანეთში ინდუსტრიული რევოლუციის განხორციელებას, მაგრამ საფუძველთა
საფუძველი იყო ამ ქვეყანაში მეცნიერული აღმოჩენები და გამოგონებები.
ინდუსტრიული რევოლუცია ეფუძნებოდა დიდ აღმოჩენებს მეცნიერებაში.
მეორე ტექნოლოგიური რევოლუციის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა
ჰენრი ბესსემერის თხევადი თუჯის ფოლადად გადაქცევის მეთოდმა, რომელმაც
ფოლადი გახადა უფრო მტკიცე. ბესსემერის მეთოდმა დიდი წვლილი შეიტანა
მეტალურგიის განვითარებაში, მანქანათმშენებლობასა და რკინიგზის
გავრცელებაში.
ინდუსტრიული რევოლუციის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
შიგაწვის ძრავების გამოგონება და პრაქტიკაში დანერგვა. ამ პერიოდს შეიძლება
მოტორიზაციის პერიოდი ვუწოდოთ. ორთქლის მანქანების გასაუმჯობესებლად
საჭირო იყო დიდი გაბარიტების მქონე ქვაბი და გამაგრილებელი მოწყობილობა, რის
ექცპლუატაციაც შეუძლებელი იყო. ამიტომ წარმოიშვა შიგაწვის ძრავის შექმნის
იდეა. პირველი ასეთი ძრავა 1860 წელს გამოიგონა ე. ლენუარმა (1833-900),
რომლის სრულყოფა განხორციელდა ნიკოლაი ოტოს (1876), ო. კოსტოვიჩისა და
შემდეგ კი დალმლერისა და ბენცის მიერ. რუდოლფ დიზელმა კი შექმნა მაზუთზე
მომუშავე ძრავა (1897). ის შეიცავდა თანამედროვე ძრავის ყველა ელემენტს და იყო
ყველაზე ეკონომიური. მას გამომგონებლის პატივსაცემად დიზელის ძრავა ეწოდა.
დიზელის ძრავა შემდეგში გააუმჯობესა გ. ტრინკლერმა, შექმნა რა შერეული წვის
დიზელის ძრავა (1889). ჩამოყალიბდა ტრანსპორტის მანამდე არნახული სახეობები:
ავტომობილები, მოტოციკლები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რაკეტები,
კოსმოსური ხომალდები, შიგაწვის ძრავიანი გემები და სხვ. განხორციელდა
შიგაწვის ძრავათა მთელი თაობების შექმნა, რის საფუძველზეც მოხდა
ტრანსპორტისა და მათთან დაკავშირებული ტექნიკის სრულყოფა.
ინდუსტრიული რევოლუციის დამახასიათებელი ნიშნებია: მექანიზებული
ფაბრიკებისა და ქარხნების მშენებლობა, სადაც გამოიყენებოდა სართავი და საქსოვი
მანქანები, სახარატო და საღარავი (საფრეზავი) ჩარხები; გამოიყენებოდა სასოფლო
საქმეურნეო მანქანები; მიმდინარეობდა კაპიტალისტური ურთიერთობების
ჩამოყალიბება; ხორციელდებოდა სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქში და სხვ.
საერთოდ შეიძლება ითქვა, რომ ინდუსტრიული რევოლუციის დროს
რევოლუციური გარდაქმნები მიმდინარეობს არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ
ეკონომიკის ნებისმიერ სხვა დარგში. პროგრესული ცვლილელები, უპირველეს
ყოვლისა, ხდებოდა მრეწველობაში, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობდა
რევოლუციური ცვლილებები ტრანსპორტში, კავშირგაბმულობაში, მომსახურებაში,
სოფლის მეურნეობაში და ა. შ. მაშასადამე, ინდუსტრიულ რევოლუციას
ეკონომიკისათვის აქვს საერთო, ყოვლისმომცველი ხასიათი.
მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია– “ელექტრონული რევოლუცია”
დედამიწაზე მესამე ტექნოლოგიურ რევოლუციას შეიძლება „ელექტრული
რევოლუცია“ ვუწოდეოთ, ვინაიდან ელექტროენეროენერგის გამოყენება წარმოებასა
და ყოფაცხოვრებაში იყო უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში.
ელექტროენერგიის თვისებების გამოყენებამ რევოლუცია მოახდინა
ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში, რომელმაც ეკონომიკის ყველა დარგის არნახული
განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობისა და კომფორტის ასევე არნახული
ზრდა გამოიწვია.
რასაკვირველია, ელექტრული რევოლუციაც მეცნიერთა აღმოჩენებს ეფუძნებოდა.
ელექტროენერგის მიღებისა და მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის უდუდესი
მნიშვნელობა ჰქონდა მაიკლ ფარადეის მიერ ელექტრომაგნიტური ინდუქციის
მოვლენის აღმოჩენას (1831). სწორედ ამ აღმოჩენის საფუძველზე მუშაობს
დღეისათვის მილიონობით ელექტროგენერატორი, ელექტროძრავა და
ტრანსფორმატორი, რომელთა გარეშე ენერგეტიკა, როგორც ეკონომიკის უდიდესი
დარგი არ იარსებებდა. მრავალი მეცნიერისა და გამომგონებლის მიერ წლების
განმავლობაში ხდებოდა ელექტროენერგიის მიღების გადაცემისა და მოხმარების
ტექნოლკოგიებისა და ტექნიკის სრულყოფა.
„ელექტრული“ რევოლუცია თვისობრივად განსხვავდება „ინდუსტრიული
რევოლუციისაგან“. ინდუსტრიული რევოლუციის ენერგეტიკულ საფუძველს
წარმოადგენს ორთქლის ენერგია, რომლის გამოყენების შესაძლებლობები ძლიერ
შეზღუდულია. ის იძლევა მხოლოდ ხელის შრომის მექანიზაციის შესაძლებლობებს,
ისიც შეზღუდული სიდიდით. „ელექტრული“ რევოლუციის ენერგეტიკულ
საფუძველს წარმოადგენს ელექტროენერგია, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის
ფიზიკური შრომის, არამედ გონებრივი შრომის შეცვლის შესაძლებლობებსაც
იძლევა.
ელექტროენერგიის უპირატესობას სხვა სახის ენერგომატარებლებთან შედარებით
განაპირობებს: მისი დიდ მანძილზე გადაცემის ეკონომიკური ეფექტიანობა; სხვა
სახის ენერგიად (სითბური, მექანიკური, სინათლის, ქიმიური და სხვ.) გარდაქმნის
სიმარტივე; განაწილების სიიოლე ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა შორის;
შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით, ცვლის ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ,
ნაწილობრივ, გონებრივ შრომასაც; ტექნოლოგიურ პროცესებში წარმოადგენს არა
მხოლოდ მექანიკური და სითბური ენერგიის წყაროს, არამედ იგი უშუალოდ ცვლის
შრომის იარაღს, ანიჭებს რა მისაღებ პროდუქტს შესაბამის ფორმასა და თვისებებს
(ელექტროფიზიკური, ელექტროქიმიური და სხვა პროცესები).
რომ არა ელექტროენერგია, შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე
ურთულესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის შექმნა და მათი მართვა, რამაც წარმოების
დღევანდელი დონე განაპირობა. სრულიად ახალ პროცესებში გამოყენებამ
წარმოქმნა ახალი წარმოებები და დარგები, რამაც გამოიწვია პროგრესული
სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში. მაგალითად, ელექტროენერგიის
თვისება იონების მოწესრიგებული მოძრაობისა, იყო საფუძველი ტექნიკის ახალი
დარგის _ სამრეწველო ელექტრონიკის გაჩენისა. ყველა ელექტრონული
კომპონენტი და სისტემა თანამედროვე ტექნიკისა, რადიოტექნიკური
მოწყობილობები, გამოთვლითი მანქანები, სწორედ ამ დარგის საფუძველზე
წარმოიშვნენ, რამაც შექმნა თვისებრივად ახალი შესაძლებლობები ეკონომიკის
ტექნიკური ბაზის გარდაქმნისა. ეკონომიკის სტრუქტურაში ღრმა ცვლილებებს
იწვევს აგრეთვე ელექტროენერგიის გამოყენება ტექნოლოგიურ და მართვის
პროცესებში, რაც ბევრ სფეროში პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებზე
გადასვლას განაპირობებს. ეკონომიკა თანდათან უფრო და უფრო დამოკიდებული
ხდება ელექტროენერგიის გამოყენებაზე. მისი გამოყენება ნავთობის, ბუნებრივი
აირის და ქვანახშირის ნაცვლად მაღალტემპერატურულ პროცესებში იწვევს
პროდუციის ენერგო- და მასალატევადობის შემცირებას, ხარისხის ამაღლებას,
საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენების გაუმჯობესებასა და კაპიტალუკუგების
გადიდებას. ყოველივე ეს ზრდის შრომის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს
ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. წარმოიშვა ისეთი ახალი დარგები, როგორიცაა:
ელექტროტექნიკური მრეწველობა, რადიოელექტრონიკა, ხელსაწყოთმშენებლობა,
ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების წარმოება, სარაკეტო-კოსმოსური
მრეწველობა და სხვა. ელექტროენერგის შედეგად გახდა შესაძლებელი: კონვეიერის
გამოყენება მასიურ-ნაკადურ წარმოებაში, საწარმოო და მართვის პროცესების
ავტომატიზაცია, კომპიუტერიზაცია და რობოტიზაციუა, საინფორმაციო-
ტელესაკომუნიკაციოი ტექნოლოგიების განვითარება და ა. შ.
მესამე ტექნოლოგიური რევოლუციიის დროს ათვისებულ იქნა ენერგიის ახალი
სახეობები – გაზი და ნავთობი, გამოგონებულ იქნა ტელეგრაფი, რადიო და
ტელემაუწყებლობა. წარმოებაში დაინერგა მართვის ახალი სისტემა – მენეჯმენტი,
გავრცელება ჰპოვა სტანდარტიზაციის იდეამ და სხვ.
მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია „ინფორმაციული ანუ ციფრული რევოლუცია“
ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებაგანაპირობა კომპლექსური
ავტომატიზაციის, კომპიუტერიზაციის, ინფორმაციის ინდუსტრიის, საკომუნიკაციო-
გამოთვლითი ქსელების განვითარებამ და მონაცემთა ეროვნული და
საერთაშორისო ბაზების შექმნამ განაპირობა განსაკუთრებელი ყურადღება ამ
პრობლემატიკას მიექცა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან.
პირველი ტრანზისტორის, პროცესორის, ინტეგრალური სქემების,
მიკროპროცესორის, კომპიუტერის, ARPANET-ის (Advanced Research Projects
Agency Network) ქსელის შექმნამ (1969) შესაძლებელი გახადა ინტერნეტის შექმნა,
რამაც შეცვალა მილიარდობით ადამიანის ცხოვრება. ამავე დროს იწყება
გამომთვლელი ტექნიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა.
ინფორმაცია თანდათან ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვასნი რესურსი.
კომპიუტერებისა და ტელეკომუნიკაციური ქსელების განვითარებამ შესალებელი
გახადა ინფორმაციის დიდი მასივების მოპოვება, შენახვა და გადაცემა სინათლის
სიჩქარესთან ახლო სიჩქარით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო-
ტექნიკურ ინფორმაციას, როგორც პროგრესის საფუძველს.
„ინფორმაციულ ანუ ციფრულ რევოლუციას“ უკავშირდება პოსტინდუსტრიული
საზოგადოების ჩამოყალიბება. ცნობილი სოციოლოგები დ. ბელი, ო. ტოფლერი, ე.
კასტელზი და სხვ. მიუთითებენ, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოება, თავისი
არსით, კომუნიკაციური თუ ინფორმაციული საზოგადოებაა. ბელის მიხედვით, თუ
ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი რესურსი კაპიტალი იყო, რომ
პოსტინდუსტრიული საზოგადოების სტრატეგიული რესურსებია ინფორმაცია და
თეორიული ცოდნა. მეცნიერება კი გადაიქცა ძირითად საწარმოო ძალად. ახალი
ტექნიკის, ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესაზღვრელია.
მაღალი ტექნოლოგიები
მაღალი ტექნოლოგიები (Hi-tech) დღეისათვის გამოიყენება ადამიანის
საქმიანობის ყველა სფეროში. განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მათი
გამოყენება ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტენდენციებს როგორც
ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს
ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში, ზრდის რა ქვეყნის
კონკურენტუნარიანობასა და კეთილდღეობის დონეს.
მაღალი ტექნოლოგიები წარმოადგენს სულ უფრო ახალ და პროგრესულ
ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება მიმდინარე ეტაპზე აჩქარებს საზოგადოების,
უპირველესყოვლისა, ეკონომიკური გგანვითარების პროცესს.
თანამედროვე ეტაპზე მაღალი ტექნოლოგიების დარგებიდან
გამოიყოფა ელექტრონიკა, განსაკუთრებით კი მისი ქვედარგი
_ მიკროელექტრონიკა. სწორედ ელექტრონიკის განვითარებამ გახადა შესაძლებელი
შექმნილიყო გამოთვლითი ტექნიკა, საინფორმაციო-საზომი სისტემები,
ინტეგრალური სქემები, ციფრული ინტეგრალური მიკროსქემები,
მიკროპროცესორები, რეზისტორები, კონდენსატორები, დიოდები, ტრანზისტორები,
რადიო, ტელევიზორი, რობოტები, კომპიუტერი და ა.შ., რომელთა გამოყენების
გარეშე თანამედროვე ეტაპზე ვერ იარსებებდა ეკონომიკის ვერც ერთი დარგი და
ადამიანთა საქმიანობის ვერც ერთი სფერო, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა
ინფორმაციის მოპოვების გადამუშავების, გადაცემისა და გამოყენების
თანამედროვე დონე.
მაღალ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ასევე ხელოვნური ინტელექტი ანუ
ისეთი მანქანების შექმნა, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის (მათ შორის
ადამიანის) ნიშნები (მსჯელობა, აღქმა, მოძრაობა და ა. შ.). დღეისათვის საუბარი
შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ “მოაზროვნე”
მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადამიანის ტვინის მსგავსად “მოაზროვნე”
მოწყობილობები. საუბარია ხელოვნურ გონზე.
მაღალი ტექნოლოგიების დარგად ითვლება აგრეთვე ბიოტექნოლოგია (რომელიც
თავისთავად
ეფუძნება გენეტიკას, მიკრობიოლოგიას, და უჯრედულ ბიოლოგიას, ბიოქიმიას, ემბ
რიოლოგიას და ა. შ.), კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა,
ნანოტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ტელეკომუნიკაციები, საავიაციო-კოსმოსური
ტექნოლოგიები, ფოტონიკა, ატომური ფიზიკა.
დღეისათვის ტექნოლოგიური მიღწევები გამაოგნებელია, რომელთაგან
ბევრის წარმოდგენა ახლო წარსულშიც კი შეუძლებელი იყო: მობილური
მოწყობილობებით დაკავშირებულია მილიარდობით ადამიანი და მათ დაკავშირებას
წამიც არ სჭირდება; ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა შეუზღუდავია;
კიდევ უფრო ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რობოტექნიკა, ინტერნეტი,
ავტონომიური მანქანები, 3D ბეჭდვა; ნანო- და ბიოტექნოლოგიები, კვანტური
გამოთვლები, ენერგიის შენახვა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, კოსმოსის ათვისება და
სხვ.
მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკური განვი¬თარების მთავარი ფაქტორია,
ვინაიდან იგი იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტის განვითა¬რებასა და
სრულყოფასმ
მაღალი ტექნოლოგიები, ბუნებრივია, გარკვეული დროის შემდეგ (და ეს დრო
თანდათან მცირდება) კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას და ადგილს უთმობენ ახალ
მაღალ ტექნოლოგიებს.
თანამედროვე ეტაპზე მაღალ ტექნოლოგიების დარგებიდან გამოირჩევა
ელექტრონიკა, განსაკუთრებით კი მისი ქვედარგი – მიკროელექტრონიკა. სწორედ
ელექტრონიკის განვითარებამ გახადა შესაძლებელი, შექმნილიყო გამოთვლითი
ტექნიკა, საინფორმაციო-გამზომი სისტემები, ინტეგრალური სქემები, ციფრული
ინტეგრალური მიკროსქემები, მიკროპროცესორები, რეზისტორები,
კონდენსატორები, ტრანზისტორები, რადიო, ტელევიზორი, რობოტები,
კომპიუტერი და ა.შ., რომელთა გამოყენების გარეშე თანამედროვე ეტაპზე ვერ
იარსებებდა ეკონომიკის ვერცერთი დარგი და ადამიანთა საქმიანობის ვერც ერთი
სფერო, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ინფორმაციის მოპოვების,
გადამუშავების, გადაცემისა და გამოყენების თანამედროვე დონე.
მაღალ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ასევე ხელოვნური ინტელექტი, ანუ ისეთი
მანქანების შექმნა, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის (მათ შო¬რის
ადამიანის) ნიშნები (მსჯელობა, აღქმა, მოძრაობა და ა. შ.). დღეისათვის საუბარი
შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ “მოაზროვნე”
მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადამიანის ტვინის მსგავსად “მოაზროვნე” მოწყობი-
ლობები. საუბარია ხელოვნურ გონზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოაზროვნე
მანქანა ან მანქანათა ჯგუფი მიუახლოვდება და ბევრ შემთხვევაში გადააჭარბებს
კიდევაც ადამიანის გონს, რა გონებრივი შესაძლებლობების მანქანაც (ან მანქანათა
სისტემა) არ უნდა შეიქმნას, იგი ადამიანის ხელში მაინც იარაღი იქნება, როგორიც,
დავუშვათ, საჭრისი ან ნებისმიერი სხვა იარაღი.
მაღალი ტექნოლოგიების დარგად ითვლება აგ¬რეთვე ბიოტექნოლოგია (რომელიც
თავისთავად ეფუძნება გენეტიკას, მიკრობიოლოგიას, მოლეკუ-ლურ და უჯრედულ
ბიოლოგიას, ბიოქიმიას, ემბრი¬ოლოგიას და ა. შ.), კომპიუტერული პროგრამული
უზრუნველყოფა, ნანოტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ტელეკომუნიკაციები,
საავიაციო-კოსმოსური ტექნოლოგიები, ფოტონიკა, ატომური ფიზიკა.
მაღალი ტექნოლოგიების შექმნისა და გამოყენების მიხედვით, ბუნებრივია,
ქვეყნები მნიშვნელოვად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ მხრივ მოწინავე
პოზიციები განვითარებულ ქვეყნებს უჭირავთ.
ინფორმაციული და ტელესაკომუნიკაციური ტექნოლოგიები ასევე მაღალ
ტექნოლოგიებს მიეკუთვნება თანამედროვე ეტაპზე ინფორმაციული და
ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები განაპირობებს ეკონომიკაში ახალი
სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური და სოციალური
საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს. ამ პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკურ
ლიტერატურაში ფართოდ გამოიყენება ცნებები: „ინფორმაციული ეკონომიკა“
(information economy) და „ქსელური ეკონომიკა“ (network economy).
მაღალი ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს შემდეგი, მეხუთე, ტექნოლოგიური
რევოლუციის საფუძვრლი.
მეხუთე ტექნოლოგიური რევოლუცია „მოაზროვნე ხელოვნური გონის“ რევოლუცია
ჩვენი აზრით, დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში, “ინფორმატიზაციის ეპო¬ქა”
მთავრდება და იწყება “მოაზროვნე” ტექნოსფეროს ეპოქა (Era of "intellectual"
technosphere). ტექნოსფერო, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ტერმინს
თანამედროვე ცივილიზაციის აღსაწერად, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიისა და
მეცნიერული მეთოდების ფართო გამოყენებით სინამდვილის გარდასაქმნელად და
რომელიც ახლა წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მთავარ ფაქტორს. იგი
შექმნილია ადამიანების მიერ. თანამედროვე ეტაპზე ტექნოსფეროში მთავარ როლს
ასრულებს ინფორმაციულ-ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, “მოაზროვნე”
ტექნოსფეროს დროს მათთან ერთად მთავარი როლი დაეკისრება „მოაზრონე“
ტექნოლოგიებს. მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი
შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკეული ინტე-ლექტუალური თუ მოაზროვნე მანქანა,
ვინაიდან იგი იქნება ასეთი მანქანების მოწესრიგებული ერთიანობა საერთო
„ხელოვნური გონის“ გარშემო. ასეთ პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვლება
ადამიანთა მდგომარეობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ უკვე საქმე ექნებათ
ხელოვნურ ინტელექტუალურ მანქანებთან, რომელთაც შეეძლებათ საუბარი
გარკვეულ თემებზე და გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციიდან გამომდინარე.
ძირეულად შეიცვლება წარმოების ორგანიზაციისა და სახელმწიფო მართვის
ფორმები და ა. შ. განხორციელდება „მოაზროვნე ხელოვნური გონის“ რევოლუცია
(Revolution of "artificial intelligence".), რომ ჩამოყალიბდება სრულიად ახალი
საზოგადოება სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემით. ამ საზოგადოების
ზოგიერთი ნიშანი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
1. ზვრის წაშლა ადამიანსა და მანქანებს შორის მათ მიერ სამუშაოების
შესრულების (ან გადაწყვეტილებების მიღების) დროს;
2. მანქანბი ადამიანებს შეცვლიან არა ცალკეული პროცედურების, არამედ
პროცედურათა ერთობლიობის შესრულების დროსაც (უმძღოლო ტრანსპორტი,
დაწესებულებები პერსონალის გარეშე, ელექტრონული მთავრობა და სხვ);
3. ადამიანთა მასობრივი გათავისუფლება როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი
შრომისაგან;
4. ადამიანთა მასობრივი გადასვლა შემოქმედებით სფეროში (მწერლობა,
მუსიკა, მხატვრობა, თეატრი, კინო, სპორტი და ა.შ.);
5. ადამიანთა უშუალო კავშირი ინტელექტუალურ, მოაზროვნე მანქანებთან,
რომელნიც ფლობენ ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებებს (მოძრაობას,
საუბარს, მწუხარებისა და სიხარულის განცდასაც კი და სხვ.) და რაც მოითხოვს
შესაბამის ახალ ცოდნასა და ჩვევებს;
6. სახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში მოაზროვნე მანქანების გამოყენება
შეამცირებს ნეგატიური პროცესების წარმოშობას;
7. გაიზრდება პროგრამების როლი, რაც გაზრდის დაგეგმვის მნიშვნელობას
ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;
8. გაიზრდება ადამიანის თავისუფალი დრო და სულიერი დაკმაყოფილების
დონე;
9. შეიცვლება ანაზღაურებისა და შემოსავლების განაწილების წესი. ის და სხვა
მახასიათებლები ჩამოყალბდება თანდათან ახალი საზოგადოების ფორმირებასთან
ერთად და ა.შ.
წყარო: Abesadze R. Technological revolutions – the basis of economic development. “Ekonomisti”.
2021, № 2